ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს დაკავებულის ოჯახი გამომძიებელს მოწმეებზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს – საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი მიკროავტობუსში მყოფი არასრულწლოვანი დაიღუპა.
დაკავებულის ძმის, გოჩა ხარაიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პროცესის დაწყებამდე, გამომძიებელი სასამართლოს შენობაში მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა და მათ ჩვენებების შინაარსს კარნახობდა.
მოწმეების სახით დღეს სასამართლოში ავარიის დროს, მიკროავტობუსში მყოფი ბავშვების მშობლები და წარმომადგენლები დაკითხეს.
როგორც პოლიციელი, ისე – მოწმეებიც ადასტურებენ, რომ აბასთუმნიდან ახალციხეში სასამართლო პროცესზე ისინი აღნიშნულმა სამართალდამცველმა ჩამოიყვანა, მათივე მოთხოვნით. მოწმეები ამბობენ, რომ სამართალდამცველი მათ ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს უხსნიდა.
დღეს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი არასრწულწლოვანის დედამ, თეონა გვაზავამ გვითხრა, რომ ავარიაში მონაწილე ორივე მძღოლის წინააღმდეგ გეგმავდა საჩივრის დაწერას, თუმცა საქმის გამომძიებელმა გიორგი ქაროსანიძემ მათ საჩივარი არ დააწერინა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ვცდილობთ დავუკავშირდეთ გამომძიებელ გიორგი ქაროსანიძესაც, მასთან დაკავშირების შემთვევაში ინფორმაციას მოგაწოდებთ.
თეონა გვაზავა ავტოსაგზაო შემთხვევაში მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობაზეც საუბრობს, სწორედ მას გადაჰყავდა “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები ავარიის დროს.
აღნიშნული სახის ბრალდებები მიკროავტობუსის მძღოლის მისამართით, 5 მარტს გამართული სხდომის შემდეგაც გააჟღერა გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედამ და ბებიამ. ჩვენ მაშინ დავუკავშირდით მიკროავტობუსის მძღოლს ბეჟან ყულიჯანიშვილს. იგი მომხდარში მის ბრალეულობას გამორიცხავს და არგუმენტად მოჰყავს ვიდეო კამერის ჩანაწერი. ყულიჯანიშვილი გვეუბნება, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა.
ავარიისას მიკროავტობუსის მძღოლის შესაძლო დარღვევებზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლებმაც ისაუბრა. მოწმის სახით დაკითხულმა, შვილის მონათხრობზე დაყრდნობით თქვა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევის დროს გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით, ამავე დროს ტელეფონს იყენებდა და Tik-tok-ს სქროლავდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ვცდილობთ მიკროავტობუსის მძღოლს დავუკავშირდეთ, თუცმა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, იგეგმება თუ არა გამოძიების დაწყება მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობის გამოსარკვევად? – ვკითხეთ საქმის პროკურორს ზურაბ არსენიშვილს, მისი პასუხი შემდეგია: “დღეს გამოკითხული პირი საუბრობს იმაზე, რაც მოისმინა და შესაძლოა იყოს გარკვეული უზუსტობები.”
“ყველა ბავშვმა აღნიშნა, რომ მას [მიკროავტობუსის მძღოლი] ეჭირა ტელეფონი ხელში[ავარიის დროს]. ერთადერთი ბავშვია, რომელმაც სიმართლე თქვა და დანარჩენები რატომ მალავენ სასამართლოზე ვერ გეტყვით,” – ელზა ჩიქოვანი, არალთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბებია.
გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი ავტო ავარიის დროს სოფელ არლის გადასახვევთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და მიკროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. მიკროავტობუსს შემთხვევის დროს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები გადაჰყავდა. დაღუპულიც ფეხბურთელი იყო.
საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო სხდომა 27 მარტს ჩაინიშნა.