წალკაში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი 8 მაისამდე გაგრძელდება. რაც შეეხება არეალს, ის შემთხვევის წერტილიდან ანუ თამარ მეფის ქუჩიდან 3 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება, – ამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის საკითხის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მანამ ვერ მივიღეთ, ვიდრე ინფორმაცია საჯარო წესით არ გამოვითხოვეთ.
2 დღე ცოფის შემთხვევის დადასტურებიდან კარანტინის გამოცხადებამდე – წალკაში ცოფი წელსაც დადასტურდა
ამავე წერილით ჩვენი რედაქცია ითხოვდა ქვეყანაში ცოფის დადასტურებული შემთხვევების ბოლო სამი წლის სტატისტიკას.
სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, ანუ 4 თვეში საქართველოში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2 შემთხვევა ძაღლებს და 2 – მსხვილფეხა საქონელს შორის გამოვლინდა.
მსხვილფეხა საქონელში ცოფი კახეთში დედოფლის წყაროში დაფიქსირდა, ხოლო ძაღლების შემთხვევაში ეს წალკა და მარტვილია.
სეს-ის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია რომ ცოფი წელს გარეულ ცხოველებში არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც იგივე უწყება აპრილის დასაწყისში წერდა რომ წალკაში ცოფი მელიის ლაბორატორიული შესწავლისას დაფიქსირდა.

რას უკავშირდება განსხვავებული ინფორმაცია? უწყებას დამაზუსტებელი შეკითხვებით მივმართეთ. ჩვენი მხრიდან უზუსტობის აღმოჩენის შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ “შეეშალათ” და სტატისტიკაში ხარვეზია.

რაც შეეხება 2025 წელს, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ცოფის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
- ქვემო ქართლი – 3 შემთხვევა;
- კახეთი – 2;
- სამეგრელო – 2;
- თბილისი – 2.
ამავე ინფორმაციით, შარშან 8 შემთხვევა ძაღლებს შორის იყო, 1 მსხვილფეხა საქონელს შორის და არცერთი გარეულ ცხოველს შორის. მაშინ როდესაც შარშან წალკაში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევას, ადგილობრივები ასევე გარეულ ცხოველს უკავშირებდნენ.
წალკაში, ცოფის ინფექციის კერიდან 3 კმ.ს რადიუსში კარანტინი დაწესდა – სეს

მკვეთრად მაღალია 2024 წლის მაჩვენებელი, მომდევნო ორთან შედარებით. სურსათის ეროვნული სააგენტო გვეუბნება, რომ 2024 წელს საქართველოში ცოფის 26 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. 25 – ძაღლებს შორის, 1 – მსხვილფეხა ცხოველში. რეგიონების მიხედვით შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- კახეთი – 2;
- ქვემო ქართლი – 1;
- იმერეთი – 14;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
- თბილისი – 6.
თუმცა 2026 წლის მონაცემების მსგავსად, აქაც ვაწყდებით უზუსტობას ან/და განსხვავებულ ინფორმაციას.
2024 წლის სტატისტიკაში არაფერი წერია რაჭაში, ამბროლაურში მომხდარ ფატალურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი სწორედ ცოფით გარდაიცავალა. აღნიშნულ შემთხვევას მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებდა.
რატომ ვერ ვხედავთ სტატისტიკაში რაჭის რეგიონს და ამბროლაურის შემთხვევას? სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩვენ ამის შესახებაც ვთხოვეთ დაზუსტება.

“ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა,” – წერდა ჯანდაცვის სამინისტრო.

როგორ მართავს ქვეყანა ცოფის გავრცელების რისკებს? რაზე მეტყველებს სტატისტიკა? ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.