ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნა-თესვა გაზრდილი ხარჯების ფონზე მიმდინარეობს
ფერმერები ამბობენ, რომ საწვავის, სასუქებისა და შხამქიმიკატების გაძვირებამ მიწის დამუშავება მნიშვნელოვნად გააძვირა
მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაც პრობლემად რჩება და ხშირად ხარჯი შემოსავალს აჭარბებს
რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კულტურა კარტოფილია, თუმცა მისი თესვის მასშტაბი ბოლო წლებში შემცირებულია
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ფერმერების გაჭირვება – ახალციხე
როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტში? – საწვავის გაძვირების ფონზე და არა მხოლოდ ამ მიზეზით, სოფელ წნისში მცხოვრები ფერმერების ნაწილი გვეუბნება, რომ მიწის დამუშავების ხარჯი გაზრდილია.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ გაძვირებულია როგორც მიწის დამუშავება, ისე სასუქები და შხამქიმიკატები. პარალელურად, მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაც პრობლემად რჩება. ან ვერ ყიდიან, ან იმდენად დაბალ ფასად უწევთ გასაღება, რომ მიღებული შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს.
ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო ზოგს მიწის დამუშავებას უკვე პროდუქტის შეძენა ურჩევნია, რადგან ხარჯი ბევრად აღემატება შემოსავალს.
რა ღირს საწვავი? – წელს ბენზინის და დიზელის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. მაგალითად, “დიზელი დანამატებით” თითქმის 4 ლარი ღირს, პრემიუმ კლასის ბენზინი 3.50 ლარამდეა. რაც შეეხება მიწის დამუშავებს, როგორც ფერმერები გვეუბნებიან, 100 მეტრის დამუშავება 3 ლარზე მეტია ანუ 1 ჰექტრის დამუშავებისთვის ფერმერმა მინიმუმ 300 ლარი უნდა გადაიხადოს.
რა ხდება სამცხე-ჯავახეთში და როგორია მიწის დამუშავების ტენდენცია? – გვესაუბრება აგროსაკითხების სპეციალისტი ჯავახეთიდან, მახარე მაცუკატოვი.
გაძვირებულ საწვავის ფასს დაერთო “ქართული ოცნების” წლევანდელი გადაწყვეტილება, ფერმერების მხარდასაჭერი რამდენიმე პროგრამის შეჩერების შესახებ, მათ შორისაა თხილის სუბსიდირება და ხვნა-თესვის უფასო პროგრამა. თუმცა ვითარება ამ მხრივ მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია. ჩვენი რესპონდენტები ახალციხის სოფლებიდან გვიყვებიან, რომ მსგავსი პროგრამები მათ რეგიონში უკვე წლებია შეჩერებულია.
ის, რომ ხვნა-თესვის და შხამ-ქიმიკატების სუბსიდირების პროგრამა წლებია აღარ მოქმედებს რეგიონში გვიდასტურებს, სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი, მამუკა თამარაძე.
რა გეგმა აქვს სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად? – მამუკა თამარაძე გვპასუხობს, რომ სააგენტოში მზადდება ახალი პროგრამები, რომლებითაც, სავარაუდოდ ფერმერების სუბსიდირებაც იქნება გათვალისწინებული. თამარაძის თქმით, სავარაუდოდ მაისის დასაწყისში ოფიციალური პრეზენტაციაც იგეგმება.
სუბსიდირების პოლიტიკა არც მისი დაწყებისას იყო ბოლომდე დასაბუთებული და არც ახლა, მისი შეწყვეტისას ვისმენთ მკაფიო არგუმენტებს – გვეუბნება აგროგარემო ტვ-ს დირექტორი, ნუგზარ სუარიძე. მისივე თქმით, სულ არაფრის დაფინანსებას, პროგრამა რომელიც გაუქმდა, ერთგვარი შეღავათი იყო.
სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კულტურა მეკარტოფოლეობაა. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წელს სამცხე-ჯავახეთში, 7 000-ზე მეტ ჰექტარზე დათესეს კარტოფილი და 150 000-ზე მეტი ტონა მოსავალი მიიღეს.
კარტოფილის თესვის ტენდენცია 2022 – 23 წლებთან შედარებით შემცირებულია. რადგან ამავე წყაროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 2022 წელს 10 000-ს ჰექტარზე მეტ ნაკვეთზე დაითესა კარტოფილი, ხოლო 2023 წელს 8 700 ჰექტარზე.
გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ ხორბალი, ქერი, სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ა.შ.
საქსტატი ამბობს, რომ 2024 წელს, სოფლის მეურნეობის წილი მემცენარეობის პროდუქტების წარმოებაში, სამცხე-ჯავახეთიდან 60 %-მდე იყო.