მზევინარ სურმანიძეს წალკაში კარგად იცნობენ, ის ოჯახთან ერთად სოფელ არწივანში ცხოვრობს.
საცხოვრებელი სახლის ეზოში მცირე სამკერვალო- სახელოსნო აქვს. კერავს, ქსოვს და ქმნის ხელნაკეთ ნივთებს.
ამბობს, რომ ხელსაქმე ბავშვობაში დასთან ერთად დედამ შეასწავლა.
,, მეუღლე და ორი შვილი მყავს, მაქვს მეურნეობა ,,მზეოს ფერმა “, სამკერვალოს და სახელოსნოს საღამოს საათებს ვუთმობ. საყვარელი საქმის კეთებაში უცებ შემომაღამდება ხოლმე.
ესაა განტვირთვა, თერაპია, სამკერვალოში როგორც კი შემოვდივარ, გარესამყაროსთან ვწყვეტ კავშირს. ეს არაა მარტო სამსახური.
ხელნაკეთი სამკაულების კეთება მემკვიდრეობით მერგო დედისგან. მან გვასწავლა მე და ჩემს დას ხელსაქმე. ამ საქმეს ვაგრძელებთ ტრადიციულად. არ ვფიქრობდი რომ ეს ჩემი შემოსავლის წყარო გამხდარიყო. ვეხმარეობიდი ვისაც სურდა დახმარება, უანგაროდ ვუკერავდი სამოსს,”- მზევინარ სურმანიძე

მისი ნამუშევრები არასდროს მეორდება, დიზიანიც უმეტეს შემთხვევაში მას ეკთვნის.
49 წლის ქალს საკუთარი ფერმაც ,,მზეოს ფერმა“ აქვს.
ქალი მეწარმე საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებშიც მონაწილეობს.

“სანამ ოფიციალურად გავხსნიდი სამკერვალოს, პროფესიულადაც გავიღრმავე ცოდნა. 2019 წლიდან მინი სამკერვალო მაქვს.
გახსნიდან მალევე კოვიდმა მოგვისწრო. წალკაში მდებარე აფთიაქის ხელმძღვანელმა ლია კორსანტიამ და მე, მოხუცებისთვის შევკერეთ პირბადეები, შემდეგ კი უანგაროდ გადავეცით მოხუცებს, შემდეგ ჩემს სოფელში ყველა ბავშვს დავურიგე ჩემი მასალით შეკერილი პირბადეები საჩუქრად,“- იხსენებს ქალი მეწარმე.

მზევინარ სურმანიძე გვიყვება, რომ ორ ერთნაირ სამკაულს არ ქმნის, ეს მისი სტილია. მის ნამუშევრებს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.
ახლა საყელოებზე მუშაობს ქართული ელემენტებით, ამბობს რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული სიფაქიზით ქმნის.

,, ქართული თემატიკით ვქმნი სამოსს, რაზე მუშაობაც კიდევ უფრო სასიამოვნოა, რადგან ჩვენი ქართული სული იკვეთება.“

კერავს ბაღისა და სკოლის მოსწავლეების სადღესასწაულო სამოსს. მას არამხოლოდ წალკაში იცნობენ, შეკვეთები საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც აქვს.