დაშვებულია თუ არა ახლა წალკის კანიონში, ამ დრომდე დაკეტილი ჩანჩქერის ბილიკის ტერიტორიის მონახულება ვიზიტორებისთვის?
ქვათაცვენის გამო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია დროებით, 21 მაისიდან დაკეტილი იყო ვიზიტორებისთვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით სამუშაოები განხორციელდა.

ინფორმაცია ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წალკის მერიამ 21 მაისს მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
განცხადების მიხედვით: “კანიონის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენის კერებია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს. ოფიციალური ცნობის მიხედვით, ამჟამად ფერდობი იწმინდება, სამუშაოები 31 მაისის ჩათვლით გასტანს.“

რა მდგომარეობაა ახლა და შეუძლიათ თუ არა ვიზიტორებს სრულად ტერიტორიის დათვალიერება?
ჩვენი რედაქცია კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს იმყოფებოდა. კანიონზე სტუმრად მყოფმა ვიზიტორებმა გვითხრეს, რომ ქვათაცვენის საფრთხის გამო არ შეეძლოთ ჩანჩქერის მონახულება.
დანარჩენი ტერიტორია წალკის კანიონი, ბრილიანტის ხიდი და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორებისთვის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა და სტუმრების მიღებას შეუფერხებლად აგრძელებდა.
ჩვენ კომპანია “კასს ლენდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს 29 ივნისს მივმართეთ კითხვით რა მდგომარეობაა ახლა, კანიონის იმ მონაკვეთზე, სადაც შეზღუდვები არსებობდა.

კომპანიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა 17 ივნისსაც, მაშინაც გვაინტერესებდა დასრულდა თუ არა სამუშაოები. დღემდე ველოდებოდით პასუხს კომპანიისგან. ინფორმაციის მისაღებად დავრეკეთ დღესაც 30 ივნისს, თუმცა კომპანიაში ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობენ.

პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
ჩვენი რედაქცია ასევე დაუკავშირდა წალკის მუნიციპალიტეტის მერს, თუმცა, მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. მერი, მისივე თქმით, თათბირზე იმყოფებოდა. დავუკავშირდით მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მან დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანია “კასს ლენდთან” დაკავშირება გვირიჩია.
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით 2016 წლიდან ოპერირებს. განხორციელბულმა ინვესტიციებმა მილიონობით ლარს გადააჭარბა.