სოფელ კარწახთან საერთაშორისო გზა გადაკეტეს – მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

October 23, 2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მცხოვრებლებმა და სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 50-მა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, დღეს ახალქალაქი-კარწახის გზა გადაკეტეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Jnews ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალქალაქი–კარწახის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე წელია დაზიანებულია. მიმდინარე წელს რეაბილიტაციის მიზნით გზის რამდენიმე მონაკვეთი მოშალეს, თუმცა სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.

„რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა. სანამ სახანძრო მანქანა მოვიდა, ავტომობილი დაიწვა. როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ პირობებში? სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვერ ვყიდით, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები დროულად ვერ გვაკითხავენ, ორსულების საავადმყოფოში დროულად გადაყვანასაც ვერ ვახერხებთ. აღარაფერს ვამბობთ იმ თანხაზე, რომელსაც ავტომობილების შეკეთებაში ვხარჯავთ“, – Jnews-თან ინტერვიუში ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გზაზე ასფალტის საფარის დაგებამდე მაინც ჩატარდეს დროებითი სამუშაოები და დიდი ორმოები ამოივსოს, რათა გადაადგილება უსაფრთხო გახდეს.

Jnews-ის ინფორმაციით, 13:40 საათისთვის აქციაში დაახლოებით 80 ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გზის გახსნას ითხოვდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ სამუშაოები შეჩერებული სავარაუდოდ უამინდობის გამო იყო, მათივე განმარტებით, იმ მონაკვეთებზე სადაც ასფალტი აყარეს სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. დანარჩენ ლოკაციებზე კი გეგმავენ შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ახალქალაქის მერიაის კი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

იგივე მოთხოვნით 80 ადგილობრივი სოფელ ვაჩიანთან, 22 ივლისაც შეიკრიბა და ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო გზის გადაკეტვას შეეცადა.

ფოტო: Jnews