ახალციხის მერია უკვე ორთვენახევარია არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას 25 სექტემბერს გამართული ღონისძიების „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ ორგანიზებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
ტექსტი:
ახალციხის მერია უკვე ორთვენახევარია არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას 25 სექტემბერს გამართული ღონისძიების „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ ორგანიზებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
თავდაპირველად მუნიციპალიტეტს ტელეფონით დავუკავშირდით და ღონისძიებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა ვიკითხეთ. პასუხის ნაცვლად, მერიაში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია წერილობით უნდა გამოგვეთხოვა.
23 სექტემბერს ახალციხის მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ. ვითხოვდით ინფორმაციას, რა თანხა იყო გამოყოფილი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ბიუჯეტის რომელი წყაროდან ფინანსდებოდა და კონკრეტულად რა მომსახურებებსა და ხარჯებს მოიცავდა ეს თანხა.
კერძოდ, გვაინტერესებდა, ითვალისწინებდა თუ არა ღონისძიების ბიუჯეტი ნონა გაფრინდაშვილის ჰონორარს, ტრანსპორტირების, სასტუმროს, კვების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სხვა ხარჯებს.
ღონისძიება 25 სექტემბერს ჩატარდა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.
საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დავუკავშირდით ახალციხის მერიას და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს. მიუხედავად ამისა, მერიისგან ამ დრომდე არ მიგვიღია განმარტება, რატომ არ გვაწვდიან მოთხოვნილ ინფორმაციას ან როდის აპირებენ მის გაცემას, – ახალციხის მერს, ვარლამ წიკალურს დღესაც დავუკავშირდით, როგორც მან გვითხრა მოიკითხავს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვიკავშირდება. მათგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით და მასალაც შესაბამისად განახლდება.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მისი ხელმისაწვდომობა საზოგადოების უფლებაა. მერიის მხრიდან ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საკითხის გასარკვევად და მოთხოვნილი მონაცემების მისაღებად კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ პროცედურებს მივმართავთ.