სამცხე-ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპის ხელმძღვანელი ქონებრივ დეკლარაციას არ ავსებს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა: ( დააჭირეთ აქ )
ტექსტი:
ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 11 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დირექტორს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, დეკლარაცია არ შეუვსიათ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
ადიგენი
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ადიგენის მუნიციპალიტეტში ქონებრივი დეკლარაცია არასდროს არ შეუვსია ა(ა)იპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორს, მერის გოჩა ქიმაძის ძმას ჯემალ ქიმაძეს. ორგანიზაციის დაფინანსება ბოლო წლებში მზარდია და ბოლო სამი წლის განმავლობაში ა(ა)იპ-მა 3,5 მილიონზე მეტი ლარის დაფინანსება მიიღო.
დავუკავშირდით ჯემალ ქიმაძეს, რომელმაც გითხრა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა უნდა შეევსო თუ არა ქონებრივი დეკლარაცია.
კვლევის მიხედვით, დეკლარაციას არ ავსებს არც ადიგენის წყალმომარაგების დირექტორი მამუკა დემეტრაძე, რომელიც თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. ორგანიზაციის დაფინანსება 2026 წელს 590 000 ლარი იყო.
ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა გვითხრა რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაგვერეკა.
დეკლარაცია არ შეუვსია არც ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დირექტორს რუიზან ქიმაძეს, რომლის ა(ა)იპ-მაც მიმდინარე წელს 200 000-ზე მეტი ლარი მიიღო.
რუიზან ქიმაძე ჩვენს რედაქციასთან ამბობს, რომ საკუთარი დეკლარაციის წარდგენას კანონი არ ავალდებულებს.
ახალციხე
ამავე წყაროს ცნობით, ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრის დირექტორს გიორგი ბეროშვილს, რომელიც ა(ა)იპ-ს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. მის ა(ა)იპ-ს 2026 წელს ბიუჯეტიდან 170 000-მდე ლარი გამოეყო.
ჩვენ გიორგი ბეროშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და დეკლარაციებს ავსებს. ჩვენ მისი დეკლარაციები შესაბამის პორტალზე მოვძებნეთ. ბეროშვილს მართლაც აქვს შევსებული დეკლარაციები, იმ დროს, როდესაც იგი ახალციხის საკრებულოში, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო. თუმცა, მას, როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორს, დეკლარაცია შევსებული არ აქვს.
ასპინძა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ბის ხელმძღვანელებზეც წერს, მაგალითად: ასპინძაში ქონებრივი დეკლარაციები არ შეუვსიათ გარე განათების სამსახურის დირექტორ ლევან მარუაშვილს, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ გვარამაძესა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორ მზიური პაპაშვილს. ამ ორგანიზაციების დაფინანსებამ 2026 წელს 1,3 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
დავუკავშირდით მზიური პაპაშილს, რომელმაც სხვების მსგავსად გვითხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს. კვლევაში მოყვანილ დანარჩენი ორ პირთან დაკავშირებას ჩვენი რედაქცია ცდილობს.
ახალქალაქი
ახალქალაქში დეკლარაციები არ შეუვსიათ სერვის ცენტრის დირექტორ მხითარ რსტაკიანსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ სირანუშ ტონაკანიანს. სერვის ცენტრმა 2026 წელს ბიუჯეტიდან 1 600 000-ზე მეტი ლარი მიიღო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კი – 400 000-ზე მეტი.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა დეკლარაცია თუ უნდა შეევსო. იგივეს გვეუბნება მხითარ რსტაკიანიც და ამბობს, რომ მას არცერთი უწყებიდან მსგავსი შინაარსის გაფრთხილება არ მიუღია.
ნინოწმინდა
ნინოწმინდაში ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორ გაიანე სიმონიანსა და მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელ ანდრანიკ ბდოიანს. ჩვენ ორივე მათგანთან დაკავშირება ვცადეთ, თუცმა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ვალდებულია შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, თუ ორგანიზაციის წინა წლის საბიუჯეტო დაფინანსება 100 000 ლარს აღემატება. კვლევის მიხედვით, ჩამოთვლილ დირექტორებს დეკლარაციები 2025 და 2026 წლებში უნდა შეევსოთ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.