შესაძლო ძალადობა საყდრიონის საბავშვო ბაღში – წალკა

November 17, 2026

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ ორმა მშობელმა პოლიციას განცხადებით 16 ნოემბერს  მიმართა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩვენს რედაქციას ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ლია ჩოგაძე აწვდის. მისივე თქმით, დღეს ფსიქოლოგის თანხლებით ბავშვების გამოკითხვა მიმდინარეობდა. მათ ჩვენს რედაქციას ინტერვიუ უშუალოდ სამმართველოს შენობიდან მისცეს.

მშობლები ჩვენს რედაქციას უყვებიან, რომ ბაღში ბავშვების მიმართ სავარაუდოდ ფიზიკურ ძალას  იყენებდნენ, ძილის დროს ბავშვებს სახეზე ბალიშს ადებდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ და დასჯის მეთოდად მათ სხვა ბავშვებისგან იზოლირებასაც მიმართავდნენ. 

მშობლები გვიყვებიან, რომ ბავშვებს დასჯის მოტივით თანატოლებთან თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. 

მშობლები იმასაც გვიყვებიან, რომ მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანების წარმომადგენელსაც აცნობეს. თუმცა, როგორც ერთ-ერთი მშობელი ლია ჩოგაძე ამბობს, საკითხზე რეაგირების ნაცვლად, მათგან კრიტიკა მიიღეს.

მშობლების თქმით, ასევე ჭიანურდება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების მოთხოვნის საკითხიც.

ჩვენ დავუკავშირდით წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მელსიდა მეხზიროვას,იგი  გვეუბნება რომ მომხდარის  შესახებ ინფორმაციას ფლობს და ამბობს რომ მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით დეტალებზე კი არ საუბრობს.. 

ასევე, ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

სოფელ საყდრიონის ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე მომხდარს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს რომ ამის მიზეზი, მისი ადგილის დაკავებაა.

რაც შეეხება ვიდეოკამერების დამონტაჟებას, ბაღის მენეჯერი ამბობს რომ სურვილის მიუხედავად  კამერები ჯერჯერობით არ აქვთ და გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. 

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.