სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო

June 26, 2025

სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. 

საიას დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლო კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი მიენიჭოს.

ამავე წყაროს ცნობით, საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო.

მზია ამაღლობელის სახელით, “საიამ” სტრასბურგის სასამართლოს მიმართა – საია

ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:

  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი);
  • საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი);
  • კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება);
  • უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ორჯერ, ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცოტა ხანში გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 

იურისტები ამბობენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურ მოტივებს მიუთითებს. 

მზია ამაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.