სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო არჩევნები – რა ვიცით ამ ეტაპზე

September 18, 2026

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 18 სექტემბერს, მიმდინარეობს.

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 23 ივნისს დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმათანამდებობა დატოვა. ოფიციალური მიზეზით, ის ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადაიყვანეს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი გახდა.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს:

  • მარატ კამბოლოვი,
  • ზურაბ კოკოევი,
  • მურატ ვალიევი,
  • ყაზბეკ კოდოევი.

სამხრეთ-ოსეთის დე ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, პრაქტიკულ მიმოხილვას, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე გვიზიარებს.

“კამბოლოვს მხარს უჭერს რეგიონის სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“ და კომუნისტური პარტია.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტიური სწორედ კამბოლოვია. ის ერთდროულად კანდიდატი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი სამუშაო შეხვედრები და რეგიონებში ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მიმდინარეობს.

ყურადღება ძირითადად სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე კეთდება. კამბოლოვის მიმართ რუსეთის მხარდაჭერა ღიაა.

13 ივლისს ის კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პუტინმა განაცხადა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“.

წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა საინფორმაციო სივრცეში კამბოლოვის საქმიანობა აშკარად დომინირებს. მას აქტიურად აშუქებენ როგორც ადგილობრივი, ისე რუსული მედია.

არჩევნებზე საქართველოსთან ურთიერთობისა და რუსეთთან გაერთიანების საკითხები ცენტრალური თემა არ არის.

13 სექტემბერს კამბოლოვმა საქართველოსთან შესაძლო სატრანზიტო მიმოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის და ნებისმიერ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მყარი გარანტიები სჭირდება.

არჩევნების წინ გაფართოვდა ე.წ. საზღვრის კვეთის რეჟიმიც რაზდახანის/მოსაბრუნის და პერევის გადასასვლელებზე მუშაობის გრაფიკი გაიზარდა. ასევე გამარტივდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის შესვლისა და დროებით ყოფნის პროცედურები.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, ВЦИОМ-ის, მონაცემებით, კამბოლოვს არჩევნებში 79%-იანი მხარდაჭერა აქვს. კვლევაში 400 ადამიანი მონაწილეობდა. დე-ფაქტო ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის 40 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა. სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ ხუთი უბანი გაიხსნა ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი მოსკოვში.

არჩევნების პროცესში კვლავ აქტიურად ჩანს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი კირიენკოც, რომლის მონაწილეობა რეგიონში რუსულ ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არის დაკავშირებული.”