“მრავალეროვანი საქართველო” ახალციხის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელს საოლქოში უჩივის

September 17, 2021

“მრავალეროვანი საქართველო” ახალციხის მერიის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელს N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში უჩივის. საუბარია ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების“ დირექტორის და ააიპ ,,ახალციხის ციხის“ დირექტორის შესახებ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ედებათ ბრალი, კერძოდ ქართული ოცნების ახალციხის ოფისის აღმასრულებელმა მდივანმა და ამავდროულად ახალციხის ციხის დირექტორმა დავით ტაბატაძემ, ააიპ–ების კუთვნილებაში არსებული ტექნიკის გამოყენების გზით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. ინფორმაციას “მრავალეროვანი საქართველოს” იურისტი, გიორგი გულიაშვილი გვიდასტურებს. 

აღნიშნულს ადასტურებს ახალციხის ციხის დირექტორი, დავით ტაბატაძე და გვეუბნება, რომ მისი ტექნიკიდან მასალები ამოიბეჭდა არა დილის 9 საათზე არამედ – ღამის, არასამუშაო დროს. აღნიშნულის დამამტკიცებელი მასალები კი ცესკოშია გადაგზავნილი.