აბასთუმანში, კარანტინში მყოფ მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია

March 16, 2020

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში 16 ადამიანი იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურია და არავითარი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამის შესახებ TK TV-ს კლინიკურმა მენეჯერმა, კახა ბერიძემ უთხრა.

„16 ადამიანი იმყოფება კარანტინში. მათ არანაირი ჩივილები არ აღენიშნებათ. 2-3 მოქალაქეს ხვალ ან ზეგ გავწერთ,“ – განაცხადა ბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ, 15 მარტს 1 მოქალაქე და დღეს გამთენიისას კიდევ 1 მოქალაქე მიიყვანეს კარანტინში.

ფილტვის ცენტრში, ასევე იმყოფება ჰამბურგიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს:

„12 მარტს გადმოგვიყვანეს აბასთუმანში კარანტინში. ჰამბურგიდან ვბრუნდებოდი ჩემ ვაჟთან ერთად. დაუდასტურდა თუ არა ვირუსი ვინმეს ჩვენს რეისზე ინფორმაცია არ გვაქვს. ფილტვის ცენტრში ძალიან კარგი პირობებია“.

დღემდე, 16 მარტამდე აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა სულ 50 ადამიანი მიიღო. პირველად კარანტინში მოქალაქეები 26 თებერვალს გადაიყვანეს.

საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირებული 1 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე პირის გამოჯანმრთელებამდე განმეორებითი ანალიზია დარჩენილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონა ვირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში – 637 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54 პირი იმყოფება.

Leave a Reply