ბორჯომის მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების გამო დააკავეს – სუს-ი

January 28, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პირმა უკანონოდ 10 000 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოტივით, ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილს უფროსს 46 737 ლარი შესთავაზა.

როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, პირების ქრთამის აღების შემთხვევა გასული წლის იანვარში მოხდა.

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი წელიწადზე მეტია უწყებაში აღარ მუშაობდა.

გამოძიება სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.