ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ქვაბიჯვარის ტერიტორია წარმოადგენდა ტყის ფონდის ნაწილს და მასზე არ ფიქსირდებოდა კერძო საკუთრება – ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან ქონების მართვის სააგენტოში საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწების შესახებ.
“შემოვიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბიჯვარში მდებარე დაურეგისტრირებელი 68346 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ამორიცხვის გზით და აღნიშნული მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ქონება განკარგულების გამოცემამდე წარმოადგენდა ტყის ფონდის ნაწილს და მასზე არ ფიქსირდებოდა კერძო საკუთრება,”– მოგვწერეს სააგენტოდან.
საპატრიარქომ აღნიშნული მიწები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის 2018 წლის 21 მარტს მიიღო. რის შემდეგაც ადგილობრივებსა და საეკლესიო ინსტიტუტს შორის დავა სასამართლოში დაიწყო. დავა ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა, შემდეგ — სააპელაციო ინსტანციაში, ახლა კი ადგილობრივების ნაწილი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
25 თებერვალს, სადავო მიწების საკითხზე სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ სცნო და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. EMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით, რის საფუძველზეც საძოვრების გასხვისების გადაწყვეტილება გაბათილდა.
დავის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ ადგილობრივებიც და საპატრიარქოც.
ამავე თეაზე: საპატრიარქო VS მოსახლეობა — ქვაბიჯვარის სადავო მიწები