შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ შევაჩეროთ ინფიცირების სწრაფი ზრდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გააკეთა განცხადება.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ მიმართულებით შედეგები დაახლოებით მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, რისთვისაც აუცილებელი პირობა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის სოლიდარობაა.
„სიტუაცია ქვეყანაში ძალიან რთულია. იმედია იმის, რომ ჩვენ აღარ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას და მერე ის თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას და სადღაც იანვრის ბოლოსკენ დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ვთქვათ, ორჯერ ნაკლები ან უფრო მეტად ნაკლები ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ აუცილებელია ისევ გააქტიურდეს „დარჩი სახლში“ სლოგანი.