ადიგენის კულტურის სახლის აშენების დაპირებების, პროექტების შესყიდვების და დანგრევის ქრონოლოგია

September 26, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის შენობა სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება: სპექტაკლები, კონკურსები იმართებოდა, დღეს ასე გამოიყურება. მის დასანგრევად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს “თატა 2020”-ს 60 000 ლარზე მეტი გადაუხადა, შენობა ბოლო წლების განმავლობაში, ავარიულობის გამო, უფუნქციო იყო. ახალი კულტურის სახლი აქ არა, მაგრამ სხვა ლოკაციაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა როგორც გაირკვა ამ ეტაპზე მისი აშენებისთვის ფული არც კულტურის სამინისტროს და არც ადიგენის მერიას აქვს.

გთავაზობთ ქრონოლოგიას. 2015 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ ადიგენში, კულტურის შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახლის აშენებისთვვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები  17 ათასამდე ლარად იყიდა.

2016 წელს, უკვე ნაყიდი საპროექტო დოკუმენტის კორექტირებისთვის, 13 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

პროექტის კორექტირება, 2018 წელსაც გახდა საჭირო, მაშინ ადიგენის მერიამ დამატებითი ხარჯთაღრიცხვის შესადგენად 25 000 ლარზე მეტზე კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვა არ შედგა.

ამის შემდეგ, 2019 წელს, კულტურის სახლის მშენებლობისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 80 000-ზე მეტი ლარი დახარჯა. დოკუმენტის მიხედვით, შენობა ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო. რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტის განხორციელების გეგმა? – მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

პროექტების არაერთგზის კორექტირების დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, 2022 წელს, მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, ადიგენის კულტურის სახლის მშენებლობის შესახებ შეკითხვა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს დაუსვა. მაშინ, ქარსელაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მშენებლობა 2022 წელს არ იგეგმებოდა.

2023 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, შენობა სრულად დაანგრია.

რა ხდება ახლა? – სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადიგენის კულტურის სახლის მშენებლობაზე შეკითხვა ამჯერად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს დაუსვა. მინისტრის თქმით, ციტატა: “ვერ დაგპირდებით, ადიგენში კულტურის სახლის მშენებლობის რესურსი არ გაგვაჩნია”

რამდენად შეუძლია მუნიციპალიტეტს კულტურის სახლის დამოუკიდებლად აშენება, საკუთარი ფინანსებით? – შეკითხვები ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს დავუსვით.

მერის თქმით, შენობის აშენებას, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ შეძლებენ, რადგან პროექტის მიხედვით მისი ღირებულება 7 მილიონამდე ლარია.

ჯამში, ადიგენის კულტურის სახლის დემოტაჟისთვის და ახლის ასაშენებელი პროექტებისთვის, 7 წლის განმავლობაში 5 ტენდერი გამოცხადდა და ბიუჯეტიდან 200 000-მდე ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, კულტურის სახლის აშენების დრო ამ დრომდე გაურკვეველია.

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი, ნატალი ნემსაძე.