ავტობუსები წალკას – ოპოზიცია ავტობუსების გარდაბანში დატოვების მომხრეა

February 8, 2024

წალკის მუნიციპალიტეტს სამი ავტობუსი, გარდაბნის მერიამ ათი წლით ათხოვა. საკითხი დადებითად გადაწყდა გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მადონა გაბროშვილი მიიჩნევს რომ ბოგდანის მარკის ავტობუსები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას ესაჭიროება.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა ახალსოფლის რწმუნებულს თამაზ მეტრეველს. მისი თქმით, სოფელს კერძო მიკროავტობუსი ემსახურება, მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება კი არ აქვთ.

,,ჩვენს სოფელში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, რადგან ამის საჭიროება არ გვაქვს. სოფლიდან, ექვს საათში ერთხელ თბილისის მიმართულებით დადის ე.წ. ,,მარშუტკა“ ,,თბილისი-ახალსოფლი და მგზავრობის ღირებულება 3 ლარია. მუნიციპალური ტრანსპორტის მოთხოვნასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, მოსახლეობას ამ საკითხზე ჩემთვის არ მოუმართავს,” – გვეუბნება თამაზ მეტრეველი.

რომელ სოფლებს მოემსახურება ავტობუსები წალკაში უცნობია, წალკის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციას ველოდებით. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

როგორ მდგომარეობაშია ავტობუსები და რას უპირებს გარდაბნის მერია 10 წლის შემდეგ დაბრუნებულ ტრანსპორტს? – გარდაბნის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.