ახალქალაქის კლინიკა “ევექსში” 27 წლის ქალი გარდაიცვალა

August 7, 2022


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი დღეს ახალქალაქის კლინიკა ევექსში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი გვიყვება, ახალგაზრდა ქალმა ერთი კვირის წინ ახალციხეში, კლინიკა ევექსში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა პაციენტი მაინც გაწერეს სახლში.

მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი გუშინ ახალქალაქის კლინიკა ევექსში გადაიყვანეს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღეს კი გარდაიცვალა.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა ევექსის კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც პაციენტის გარდაცვალება დაგვიდასტურეს. ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავეს და დაგვპირდნენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდნენ. საკითხში გარკვევას დაგვპირდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალური პასუხების მიღების შემდეგ მასალა განახლდება.