ახალქალაქის სოფელ კორხში სარწყავი წყალსაცავი ე.წ “საგუბარი” დაინგრა და მიმდებარედ 50 ჰექტრამდე ტერიტორია დატბორა, მათ შორის მინდვრები და მოსახლეობის მიწები, – ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამსახურში გვიდასტურებენ.
შემთხვევა 6 მაისს, წყალდიდობამ გამოიწვია.
როგორც ადგილობრივები ჯ-ნიუსს ეუბნებიან, ნათესები მთლიანად განადგურდა, ხოლო მიწები ხელახლა დასათესად გამოუსადეგარი გახდა. მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ან კარტოფილის და სხვა პროდუქტის დასათესად ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, წყალსაცავს სარწყავად ათობით წლის განმავლობაში იყენებდნენ, რომელიც მთის წყაროებით და სოფლის მიმდებარე მინდვრებიდან ჩამოსული ნალექის წყლით ივსებოდა.
მედიის ცნობით, წყალსაცავიდან მინდვრებში თევზიც გადმოიყარა.
რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას და აპირებს თუ არა ახალქალაქის მერია მათი ზარალის ანაზღაურებას? – ახალქალაქის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ცნობით, დატბორილია 50 ჰექტრამდე ტერიტორია და ზარალის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს და დამატებითი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება კომპენსაციას, როგორც აქ გვეუბნებიან, სააგენტო მათ კომპენსაციას ვერ გადაუხდის და ეს მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს – თუმცა არც მერიაში, არც სამხარეო ადმინისტრაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. არ გვიპასუხა არც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯავახეთიდან, სამველ მანუკიანმა.
რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის,რ ომ მოსახლეობამ თავიანთი ნათესები დააზღვიონ? – როგორც სააგენტოში გვითხრეს, სოფლების რწმუნებულები ყოველწლიურად ავრცელებენ სადაზღვეო პროგრამების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, დარგის სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობაში დაზღვევის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ცნობადობა კვლავ დაბალია. მათი თქმით, საჭიროა, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მეტი რესურსი გამოყოს.