ახალქალაქში, 300 000-ზე მეტი ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაუსრულებელია, 1 – უფუნქციო – აუდიტი

February 9, 2024

ახალქალაქში, 300 000-ზე მეტი ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაუსრულებელია, 1 – უფუნქციო, – ამის შესახებ საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” ახალ დასკვნაში.

“აუდიტი” მუნიციპალიტეტში არაეფექტურად გახარჯული თანხების შესახებ საუბრობს, კერძოდ:

  • სოფელ ტურცხში სპორტული მოედნის მოწყობისთვის 15 000-ზე მეტი ლარი დახარჯეს, თუმცა პროექტი არ დასრულებულა;
  • ალათუმანში 25 000-მდე ლარიანი სპორტულ მოედანზე მოწყობილი არ არის მოედნის საფარი;
  • ბარალეთში დაუსრულებელია სოფლის კლუბის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 100 000-ზე ემტი ლარი გამოიყო;
  • პატარა სამსარში კი – 150 000-მდე ღირებულების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია არ დასრულებულა;
  • ბოზალში კი სკოლის მოედნის სამუშაოები ბოლომდე არ მიუყვანიათ, რომლისთვისაც 9 000-მდე ლარი გამოიყო.

რაც შეეხება დასრულებულ, თუმცა უფუნქციო ობიექტს. “აუდიტის” მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში 2021-22 წლებში მოეწყო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი“, რომელიც მერიას 40 000-მდე ლარი დაუჯდა, თუმცა იგი ამ დრომდე არ გამოიყენება.

ამავე დასკვნის მიხედვით მიზეზი შემდეგია: “პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ობიექტი უფუნქციოა, რადგან მოსახლეობა იყენებს გარევაჭრობის მიმართულებას.”

რატომ არ გამოიყენება ბაზრის შენობა, გეგმავენ თუ არა და როდის იმ პროექტების დასრულებას, რომლებშიც აუდიტმა დარღვევები გამოავლინა? – ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან რომ მოიკითხავენ.

“აუდიტში” გვეუბნებიან, რომ ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ბორჯომის საქმიანობის ანგარიშები პროკურატურაში გადაგზავნეს.

დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პროკურატურაში მეორე დღეა გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.