ახალქალაქში 5 სოფელი ჩაკეტილია – დიდთოვლობის შედეგები სამცხე-ჯავახეთში

February 7, 2024

ჩაკეტილი საავტომობილო გზები, დაზიანებული ინფრასტურუქტურა, შეზღუდული ელექტრო ენერგიის მიწოდება – სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში უკვე მეორე დღეა დიდთოვლობის გამო, რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია, რამდენიმე სოფელს კი ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა, ხოლო ახალდაბასთან, ცენტრალურ გზაზე მიწა ჩამოიშალა, – როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, გზა უკვე გაწმენდილია, ხოლო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ძლიერი თოვის გამო საავტომობილო გზებია ჩაკეტილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბული, ხავეთი, დავნია, ერინჯა და კარწახის ნაწილი.

როგორც მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ფოტოები: ადიგენის სოფელი ზედუბანი

უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, “ენერგო პრო ჯორჯიაში” გვეუბნებიან, რომ ამ დროისთვის ელექტრო ენერგიის შეზღუდვა ბოძების დაზიანებამ და გადატეხვამ გამოიწვია: “ჩაკეტილი გზების გამო ვერ ხერხდება დაზიანებულ ბოძებამდე მისვლა, როგორც კი გაიწმინდება გზა ჩვენი ჯგუფი დაიწყებს შეკეთებას და სავარაუდოდ დღის ბოლომდე ელექტრო მომარაგება სრულად აღდგება,” – გვეუბნებიან კომპანიაში.

სულ რამდენ სოფელშია ელ. მიწოდება შეზღუდული, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რადგან ციტატა: “ეტაპობრივად მიმდინარეობს სამუშაოები და ციფრი იცვლება.”

აქვე გეტყვით, რომ გუშინ საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში ძლიერი თოვლი, წვიმა და ქარბუქი იყო, რის გამოც ჩაიკეტა საავტომობილო გზები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.