ახალციხის მერია, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ლტოლვილებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს 

March 29, 2022

ახალციხის მერია, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებისთვის, ზეთის, ფქვილის, შაქარის, მაკარონის, წიწიბურას შეძენას გეგმავს. მომსახურებისთვის ტენდერი უკვე 5 ეტაპად გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

242 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, 242 ერთეული ხუთ ლიტრიანი ზეთი, 1 210 კგ მაკარონი, 726 კგ შაქარი, 484 კგ წიწიბურა – ახალციხის მერია სწორედ ამ ოდენობის პროდუქტის შესყიდვას გეგმავს, რომელიც უწყების ცნობით 242 ოჯახს გადაეცემა.

მერიაში გვეუბნებიან, რომ შეირჩა ისეთი პროდუქტი, რომელიც პირველადი მოხმარების და არამალფუჭებადია.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 146 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილისთვის მერია 6 500 მდე ლარის გამოყოფას გეგმავდა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა ინდ. მეწარმე კახაბერ დიასამიძემ მიიღო და მერიას იგივე მოცულობის ფქვილისთვის 6 321 ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა- შეფასებითი სამუშაოები.

რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, რის გამოც ოთხივე ჩაიშალა და დღეს ხელმეორედ იმავე პირობებით გამოცხადდა.

ახალი ტენდერების მიხედვით, 96 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილისთვის 4 ათას ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული, 726 კგ შაქრისთვის და 1 210 კგ მაკარონისთვის მერია 6 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს. ცხოველური და მცენარეული ზეთებისთვის – 8 ათას ლარზე მეტი და წიწიბურასთვის 4 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.