ბავშვების 35% სკოლაში კვების გარეშე – ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში 

June 1, 2023

დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1949 წელს დაწესდა , მისი აღნიშვნა კი 1950 წლიდან დაიწყო.

თარიღთან დაკავშირებით საქართველოში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში საბავშვო გასართობი ღონისძიებები იმართება, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს გაეროს ბავშვთა ფონდის და საქსტატის ერთობლივი კვლევა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში.

კვლევის მიხედვით, აღნიშნული პრობლემის წინაშე უფრო მეტად დგანან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები, რადგან კვლევამ აჩვენა რომ ამ ტიპის ოჯახების ბავშვების 50% არასდროს იკვებება სასკოლო საათებში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოკითხულთა 75 % თანახმაა სასკოლო კვების თანხა გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუკი ეს ხელმისაწვდომი იქნება. რესპონდენტების 10,3 %-ს ამის საშუალება არ აქვს, ხოლო 12,5 % ფიქრობს, რომ სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს.

კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1 279 რესპონდენტი და მიიღეს ინფორმაცია 2 438 ბავშვის შესახებ.