ბორჯომში ხანძრის გაჩენიდან მეშვიდე დღეს შსს-მ გამოძიება დაიწყო

August 25, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ბორჯომში ტყის მასივი  მეშვიდე დღეა იწვის, ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. Საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა, მხოლოდ მისი ლოკალიზება შეძლეს.

Ამავე წყაროს ცნობით, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორი ნუგზარ თათეშვილი გვეუბნება, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობა დროულად დაიწყო. რთული რელიეფის გამო უფრო სწრაფად ვერ დაიწყებოდა.

კითხვაზე, დგას თუ არა მეზობელი ქვეყნებისგან ტექნიკით დახმარების საჭიროება, ნუგზარ თათეშვილი გვპასუხობს, რომ  ხანძრის ქრობაში ტექნიკით დახმარება აზერბაიჯანმა და სომხეთმაც შემოგვთავაზეს, თუმცა ქართულმა მხარემ უარი უთხრა. Მისივე ინფორმაციით, მიზეზი ბორჯომში არსებული რთლი რელიაფია, რაც დიდი რაოდენობის  ტექნიკის ერთდროულად მუშაობას ხელს უშლის.

ახალციხის და ადიგენში მცხოვრებელები ამბობენ, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტენში დაკვამლიანება და სპეციფიური სუნი შეიმჩნეოდა.  როგორც ნუგზარ ტატეშვილი ამბობს, დღეს ხანძრის ამ მუნიციპალტეტებში გავრცელების საშიშროება მოხსნილია.

Საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში ქართველ მეხანძრეებთან და სამხედროებთან ერთად ასევე მონაწილეობს თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. დილიდან  ჩაერთო რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.

ბორჯომში მომუშავე მეხანძრეებს ახალციხელმა მოხალისეებმა საკვები და წყალი  მიუტანეს. როგორც ერთ-ერთი მოხალისე თემო სანდროშვილი გვეუბნება მათ ფიზიკური  დახმარებაც შესთავაზეს, თუმცა, როგორც ამბობენ უარი მიიღეს.

რა გახდა ბორჯომში ხანძრის გაჩენის მიზეზი და რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული? – ამ კითხვებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ გვპასუხობენ.

შეგახსნებთ, ბორჯომში, ტყის მასივში  ხანძარი 7 დღის წინ გაჩნდა. Მსგავსი მასშტაბის ხანძარი ბორჯომში 2017 წელს იყო, როდესაც, CENN -ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 752 ჰექტარი დაიწვა