გალის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორი ბავშვებს აბულინგებს, – DRI

May 20, 2023

“გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, სკოლაში არძინბას ფოტოებით მოაწყო გამოფენა, სპეციალური ტექსტი დაწერა და აიძულა ამ ტექსტის წაკითხვა მოსწავლეებს, რათა სკოლაში, დაგვიანებით, ეზეიმათ 14 მაისი,” – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დირექტორი მოსწავლეებს უარის თქმის შემთხვევაში ატესტატის არ გაცემით დაემუქრა.

“2023 წლის 14 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, პედაგოგებს და ბავშვებს დაავალა, რომ ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის პატივისცემით ნიშნად მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ. აღნიშნულ პერიოდში, თავად სკოლის დირექტორი, მივლინებით რუსეთში იმყოფებოდა. შვებულების დასრულების შემდგომ გადაამოწმა შეასრულეს თუ არა პედაგოგებმა და სკოლის მოსწავლეებმა მისი დავალება, გაირკვია, რომ არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არ მისულა არძინბას საფლავზე. საპასუხოდ, მან, შეკრიბა მასწავლებლები/ბავშვები და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა,” – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში, 11 წელია, ყოველდღიურად, შეურაცხყოფს გალელებს, რა დროსაც, ეთნიკურ ნიშნს და საცხოვრებელ ადგილს უსვამს ხაზს.

“DRI აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელის მხრიდან, დამამცირებელი მოპყრობა და არასრულწლოვანი ბავშვების იძულება, ბულინგი დანაშაულია. გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, ახრა კვეკვესკირის, ქმედებები ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ, ჟენევის ფორმატში, იმსჯელოს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.”