“გამოგვრეკეს” – ახალციხის ავტოსადგურიდან ტაქსის მძღოლები გამოუშვეს

February 16, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლები, რომლებიც იქ მათივე თქმით, 20 წელზე მეტი იყვნენ გამოუშვეს, ახლა ისინი სადგურის მოპირდაპირე მხარეს დგანან, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ ტაქსის მძღოლები გვიდასტურებენ.

“გამოგვრეკეს, ახლა სადგურის მოპირდაპირე მხარეს ვდგავართ. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არავინ დაგვიდგა გვერდში,” – გვეუბნება ერთ-ერთი მძღოლი, მურმან ბათმანაშვილი.

მძღოლებისვე განმარტებით, ახალმა კომპანიამ ადგილზე ყოფნის თვიური გადასახადი 30 ლარიდან 90 ლარამდე გაუძვირა და ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახადა, რის გამოც მათ გააპროტესტეს მაგრამ უშედეგოდ.

ახალციხის ავტოსადგურის წინ მდებარე ტერიტორია ხუთწლიანი იჯარით შპს „ვიპ ტრანმა“ გასული წლის ნოემბერში აიღო. ტაქსის მძღოლების თქმით, სწორედ ახალმა კომპანიამ დაუწესა განახლებული ტარიფები.

დღეს, იმ ადგილზე, სადაც ტაქსის მძღოლები იყვნენ, კომპანია “ეკონომ ტაქსის” მანქანები აყენია – რა სახის ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიას და ავტოსადგურს შორის ჩვენთვის უცნობია, “ეკონომ” ტაქსის ცხელ ხაზზე გვეუბნებიან, რომ დირექტორი ადგილზე არ იმყოფება.

ჩვენ უკვე მეორე დღეა ვცდილობთ დავუკავშირდეთ სადგურის დირექტორს, თუმცა როგორც ავტოსადგურში გვეუბნებიან, ადგილზე არ იმყოფება.