“ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას აქვს ადგილი კლინიკასა და ექიმებს შორის” – ვახტანგ ბარამაშვილი

May 18, 2022

“ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას აქვს ადგილი კლინიკასა და ექიმებს შორის” – ასე ეხმაურება მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმის ბოლოდროინდელ ჩვენებებს, გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი. 

საუბარია სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებზე, როდესაც ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ თავდაპირველად მედიისთვის გაკეთებული კომენტარების შინაარსი კლინიკა “იმედის” მენეჯმენტის მიერ იყო ნაკარნახევი. მაშინ ინასარიძე ირწმუნებოდა, რომ  მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება მან აღმოუჩინა. ახლა კი ამბობს, რომ, მომხდარისას კლინიკაში არ იმყოფებოდა. ინასარიძე ასევე საუბრობს კლინიკის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის შესახებ. 

გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე პროკურორსაც ესაუბრა და ეჭვობს, რომ ციტატა: “გარკვეული ინფორმაციის დამალვაზე თანხმდებიან კლინიკა და ექიმები,” თუმცა კონკრეტულად რის, არ აზუსტებს. 

ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას კატეგორიულად უარყოფენ კლინიკა იმედში. “ამ დრომდე გაოგნებული ვარ,” – გვეუბნება მენეჯერი, მზია კაკოშვილი. 

რას უკავშირდება საჯარო პოზიციებში ცვლილება? კითხვით ჩვენ  ვიოლეტა ინასარიძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება მეგი ბაქრაძის საქმეს, მისი გარდაცვალებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია.