თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი, ფია – ასპინძის მერია 4 სოფლისთვის ერთი ახალი ბაღის მშენებლობას გეგმავს

October 6, 2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია 60-100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის აშენებისთვის, 831 800 ლარის დახარჯვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, შენობა სოფელ თმოგვში აიგება და მერის განმარტებით, ოთხ სოფელს მოემსახურება. ესენია: მირაშხანი, ნაქალაქევი, ფია და თმოგვი. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენება და გარემონტება, ასევე გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის დამონტაჟება და გარე ეზოს მოწყობა. 

როგორც მერი, როსტომ მაგრაქველიძე გვეუბნება, აქამდე ბავშვები სოფელ ტოლოშში დადიოდნენ. მისივე თქმით, საბავშვო ბაღის აშენების გადაწყვეტილება, მოსახლეობის სურვილის გამო მიიღეს. 

თავდაპირველად მუნიციპალურმა ორგანომ ტენდერი 841 000 ლარზე გამოაცხადა, მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს კ-კომპანიამ მიიღო და სამუშაოებისთვის 831 800 ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც აღნიშნულ თანხაზე გაფორმდა. 

დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო ნაწილი 2023 წლის.