„იმას, რასაც მე ვერ მივაღწიე, ჩემი მოსწავლეები შეძლებენ“- “წალკელი ფალავნების” მწვრთნელი

April 1, 2022

ავტორები: სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა

გუნდი„წალკელი ფალავნები“ ელიზბარ გოგიტიძემ 2021 წელს დაარსა. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მთავარი მწვრთნელია. ასევე, არის მთავარი სპეციალისტი, აღმზრდელობით დარგში. 18 წელია, რაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში ბევრ წარმატებასაც მიაღწია. მოხვდა საქართველოს ნაკრებში და საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორიც გახდა.

„ვარ მსოფლიო თამაშების პრიზიორი, ვიცე ჩემპიონი და მსოფლიო თასის პრიზიორი“,-ამბობს ელიზბარ გოგიტიძე.

გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში დარჩენა წალკის სპორტის სკოლის დირექტორის, ზვიად შენგელიას რჩევით გადაწყვიტა. „ბატონი ზვიადის დამსახურებით, დღეს მე წალკელი ფალავნების მწვრთნელი ვარ. მან დამაფიქრა იმ სასიკეთო საქმეებზე, რისი გაკეთებაც შემეძლო ჩემი მოსწავლეებისათვის, ამისთვის მადლობელი ვარ“.

გეგმები დიდი აქვს. სჯერა, რომ  „წალკელი ფალავნები“ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ჩემპიონობასაც მიაღწევენ.

„მე არ მქონდა შესაბამისი პირობები იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის მიმეღწია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მომავალი თაობებისთვის შემექმნა ისეთი პირობები და გარემო, რომელიც ჩემ მოსწავლეებს მიზნების მიღწევაში დაეხმარება“.

„პირველად, როცა აქ მოვედი 15 ბავშვი დამხვდა, ერთი წლის განმავლობაში კი 85 გავხდით. ამჟამად, წალკის მუნიციპალიტეტს, საქართველოს ნაკრების, 4 მოჭიდავე ჰყავს. ჩვენ, მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვდებთ პირობას, რომ ამ სახეობაში წალკას საქართველოს ჩემპიონი ეყოლება“.