“კონსულტაციები უნდა გავიარო,” – მინაძეს თემის დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამაზე

April 19, 2023

ახალციხეში, მინაძის თემში, რიგგარეშე არჩევნებამდე 10 დღე რჩება. აქ დეპუტატობის კანდიდატი წარდგენილი მხოლოდ, “ქართულ ოცნებას” ჰყავს.

როგორც კანდიდატი, ნოდარ ნებაძე გვეუბნება, იგი მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა ამის შესახებ არც ანონსი და არც პოსტფაქტუმ ინფორმაცია არც მედიისთვის მიუწოდებიათ და არც საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე გაუვრცელებიათ.

როგორც “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, ბესო ბლიაძე გვეუბნება, ციტატა : “მედიას არ უკითხავს.”

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატს, ნოდარ ნებაძეს, იგი ამბობს, რომ მოსახლეობას ხვდება. კითხვაზე როგორია მისი წინასაარჩევნო გეგმა, გვპასუხობს, რომ “კონსულტაციები უნდა გაიაროს.”

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. მისი ჩატარების აუცილებლობა მინაძეს თემში მას შემდეგ გახდა, რაც ამ თემის დეპუტატი გარდაიცვალა.

​29 აპრილს არჩევნები კიდევ გურჯაანში, თიანეთში, ტყიბულში და ქუთაისში გაიმართება.