ლოცვა ბიძინასთვის, ბერასთვის, ირაკლისთვის და სპირიდონის ვალებისთვის

February 6, 2023

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და დაწესებულებაში სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს კიდევ ერთი გარემოება ემატება. როგორც ჟურნალისტ გოგი გვახარიას გადაცემაში და ტელეკომპანია “პირველთან” პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები საუბრობენ, ბავშვები და მათ შორის პედაგოგები ლოცულობდნენ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად და იმდროინდელი ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის ვალებისთვისაც კი.

როგორც ყოფილი ბენეფიციარები საუბრობენ, “დაუჯდომელი” ლოცვები და მოსახსენიებელი იყო როგორც სავალდებულო, ასევე დასჯის მეთოდი. 

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობდით პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობს დავკავშირებოდით, თუმცა როგორც გავარკვიეთ იგი ქვეყანაში არ იმყოფება. ჩვენს ზარებს არ პასუხობს პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონიც.

ჩვენ ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ საქართველოს საპატრიარქოს.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის საბავშვო პანსიონში სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე ომბუდსმენის არაერთ ანგარიშში იყო საუბარი და დაწესებულებაში წლების განმავლობაში შესვლა ეზღუდებოდათ სახალხო დამცველის აპარატის და სხვა უწყებას ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მას შემდეგ რაც საკითხით მედია დაინტერესდა, პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა, ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დაწესებულება დატოვა. ომბუდსმენის ცნობით, ამ ეტაპზე პანსიონში მხოლოდ 9 აღსაზრდელი იმყოფება.

ფოტო: მთავარი არხი