მარნეულში, 150-მდე პირი ღაზას სექტორში დაღუპულების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა

November 1, 2023

მარნეულში, მერიის მიმდებარედ პარკში 150-მდე ადგილობრივი ღაზას სექტორში დაღუპულების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა. ეს პირველი შემთხვევაა 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელზე შეტევა მიიტანა და საპასუხო მოქმედებებით ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი გაჩაღდა, რაც საქართველოში ღაზას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილები ისრაელს აკრიტიკებდნენ და საბრძოლო მოქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. 

მანიფესტაციაზე ისმოდა ანტისიონისტური განცხადებები. ასევე, ისმოდა რადიკალური განცხადებები ისრაელის მთავარი მოკავშირის აშშ-ს მიმართ, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მიმართ.

როგორც გავარკვიეთ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი,  მარნეულის წითელი მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევია, რომელმაც სოციალურ ქსელში წინასწარ გაავრცელა ვიდეო მიმართვა აქციის შესახებ. აქციაზე, სიტყვით გამოვიდა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევიც.

როგორც ჰაჯიევმა თქვა, მათ თავი ვალდებულად ჩათვალეს მხარი დაეჭირათ პალესტინაში მცხოვრები ხალხისთვის, რადგან ციტატა: “საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს აკეთებენ.”

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი გვეუბნება, რომ მარნეულში გამართულ აქციასთან სამმართველოს კავშირი არ აქვს და არც ინფორმირებული ყოფილან წინასწარ. 

აქცია მარნეულის ცენტრში დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა, შემდეგ კი მონაწილეთა ნაწილმა მეჩეთისკენ გადაინაცვლა. 

პალესტინელთა მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში, თუმცა სამხრეთ კავკასიაში, ღია წყარობეის მიხედვით, პირველად, მსგავსი მანიფესტაცია არ შემდგარა არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შემდეგია: დაპირისპირების დაწყების დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმეს ჰამასის თავდასხმა და ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

ჰამასმა ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა, რა დროსაც ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.  „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.