ორი 11 მილიონიანი და შეწყვეტილი პროექტი ახალციხესა და ზუგდიდში – ჩინურ კომპანიაზე კომენტარს მგფ-ში ხვალ გააკეთებენ

September 5, 2022

ახალციხეში სპორტული კომპლექსის დასრულებისთვის ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. მიზეზი ისაა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა და დღეს მათთან დაკავშირება უკვე შეუძლებელია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. აქ გვეუბნებიან, რომ ჩინურ კომპანიას “ნანთონ სანძიენ ჯორჯიას” უკვე გადაურიცხეს მთლიანი თანხის 41 %, პროექტის ბიუჯეტი კი 11 მილიონ 500 ათას ლარამდეა. 

ახალციხეში აუზის მშენებლობა შეჩერებულია

კომპანია “ნანთონ სანძიენ ჯორჯიას” საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი 11 მილიონ ლარზე მეტით უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის მას უკვე აღებული ჰქონდა 5 მილიონამდე ლარი. დაეკისრა თუ არა კომპანიას ჯარიმა? რა რეაგირება მოჰყვა ფონდიდან კომპანიის ქმედებას? კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით, სადაც გვეუბნებიან, რომ ამ საკითხებზე ჩვენს რედაქციასთან კომენტარს ხვალ გააკეთებენ. 

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ასპინძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსი და აუზი მომდევნო წლის აგვისტოში უნდა დაესრულებინა. 

სამშენებლო სამუშაოები ტერიტორიაზე გასული წლის მაისში დაიწყო და რამდენიმე თვის წინ შეწყდა. პროცესის შეჩერების შემდეგ ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ. გვიპასუხა ფინანსურმა მენეჯერმა, ანნა გელენავამ რომელიც, მისივე თქმით, თავადაც უკვე ყოფილი დასაქმებული იყო და რომ სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, ხოლო პირი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა საქართველოში არ იმყოფებოდა.

კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებას ჩვენ დღესაც ვეცადეთ, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული საკონტაქტო ნომერი გამორთულია.

ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ ზედამხედველობის პროცესში ჩართულები არ არიან, თუმცა ციტატა: “დაინტერესებულები არიან”. რაც შეეხება აუზის მშენებლობის შეწყვეტას, მერი გვეუბნება, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

რაც შეეხება კომპანია “ნანთონ სანძენ ჯორჯიას”, იგი საქართველოში 2019 წლის 5 აპრილს დაფუძნდა. ტენდერების მონიტორის გვერდის მიხედვით, კომპანიას დაფუძნებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე მოპოვებული ჰქონდა ორ 11 მილიონიან ტენდერში გამარჯვება. ესენია: ახალციხის და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ჩვენი ინფორმაციით, დღეისათვის ორივე მათგანი შეწყვეტილია. 

რა ეტაპზეა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა? კითხვით ჩვენ ზუგდიდის მერიას დავუკავშირდით, სადაც გვეუბნებიან, რომ საკუთარ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თუ არა 11 მილიონიანი პროექტის მშენებლობა ამის თაობაზე კითხვა მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა დავუსვათ.

კითხვა მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დავუსვით,  გვითხრეს, რომ მასზე ხვალ გვიპასუხებენ.

ახალციხეში კომპლექსის მშენებლობა  2021 წლის აპრილში დაიწყო. პრეზენტაციას მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე ამბობდა, რომ ისინი, პარტია “ქართული ოცნება”, წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებენ და ეს კომპლექსიც სწორედ ამის დასტურია. 

12 მილიონ ლარამდე აუზისთვის და სპორტული კომპლექსისთვის — ახალციხე

2022 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჩანს რომ ახალციხეში აუზის და სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული  “ნანთონ სანძენ ჯორჯიას” მთავარი ინჟინერის პოზიციაზე 2021 წლის აპრილიდან იმავე წლის დეკემბრამდე მუშაობდა ალექსანდრე მელიქიძე, რომელიც ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. მითითებულ პერიოდში მას კომპანიისაგან სამუშაოს შესრულებისთვის 30 000 ლარამდე აქვს აღებული.

როგორც მელიქიძე გვეუბნება, იგი კომპანიაში 2021 წლის დეკემბერის ჩათვლით მუშაობდა, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2022 წლის მარტიდან მუშაობს.

აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსის აღჭურვისთვის, ფასებისა და საჭირო ინვენტარის მოწოდების ვადების დადგენისთვის ბაზრის კვლევას ატარებს.

ფონდის ინფორმაციით, ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსის აღჭურვისთვის უნდა შეიძინონ საოფისე ტექნიკა და ავეჯი. ასევე, საცურაო აუზის და სპორტდარბაზის აღჭურვილობა.