ორჯერ და უშედეგოდ – აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის ტენდერი კიდევ ჩაიშალა

December 14, 2021

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე თითქმის ერთი წლის წინ აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების და წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაისთვის გამოცხადებული ტენდერი უკვე მეორედ ჩაიშალა. როგორც მერიაში განმარტავენ მასში მონაწილეობა ამჯერადაც არავინ მიიღო.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ “პროექტის დამატებით შესწავლა მოხდება და ისე გამოცხადდება ტენდერი.”

ასევე, მერიაში გვეუბნებიან რომ რეაბილიტაციის შემდეგ მაცხოვრებლები კორპუსში ცხოვრებას შეძლებენ.

დაზიანებული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების, წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიას ტენდერი, ორივე ჯერზე 115 218 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება გასული წლის 24 დეკემბერს მოხდა. მას შემდეგ კორპუსის ბინადრები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ.

რატომ იშლება ტენდერები? ნახეთ ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის კომენტარი