პოლიტიკური დევნა თუ სამართალდარღვევა – შსს-მ ენმ-ს წარმომადგენელი დააკავა

August 25, 2022

ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლა- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, დაკავების მიზეზი კი პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობა გახდა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პირი სამართალდამრღვევად სცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არტურ მკოიანია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე ამბობენ რომ მათი წევრის, არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება პოლიტიკური დევნის გაგრძელებას უკავშირება. გიორგი ბოტკოველის თქმით, შსს ცდილობდა, რომ მკოიანის ოჯახში ჩხრეკის დროს იარაღი ჩაედოთ.

ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, წერილობით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უარყო ოჯახის მიმართ პოლიტიკური დევნა. უწყების ინფორმაციით, გავრცელებულია ვიდეო, რომელზეც ასახულია არტურ მკოიანის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.