“რაბათის” ციხის დათვალიერება უცხოელებისთვის თითქმის სამჯერ გაძვირდება

April 21, 2022

ახალციხის ციხის (რაბათი) კომპლექსის ტერიტორიაზე უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის საფასური თითქმის სამჯერ იზრდება. თუ აქამდე ტურისტს კომპლექსის დათვალიერება 7 ლარად შეეძლო, ახლა 18 ლარის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ახალციხის ციხე” ავრცელებს.

როგორც ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ფასების მატება მხოლოდ უცხოელ ვიზიტორებს შეეხებათ. განახლებული ტარიფები 01 მაისიდან ამოქმედდება. რამ განაპირობა ფასებს მატება? კითხვით ჩვენ ციხის დირექტორს, გიორგი ნათენაძეს დავუკავშირდით, მისი თქმით, კომპლექსში შესვლა ვიზიტორებისთვის საქართველოს სხვა ტურისტულ კომპლექსებთან შედარებით იაფი იყო. ასევე ფიქრობს, რომ ეს მიდგომა ციხეს დაეხმარება მომავალი წლისთვის მუნიციპალიტეტისგან დაფინანსების მიღება აღარ დასჭირდეს.

  • ახალი ტარიფები შემდეგია: უცხოელი ვიზიტორი – 18 ლარი,
  • საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი – 7 ლარი,
  • სტუდენტი (უცხოელი) – 15 ლარი, 
  • სტუდენტი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი – 3 ლარი,
  • მოსწავლე (უცხოელი) – 12 ლარი, 
  • მოსწავლე, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი – 2 ლარი,
  • პენსიონერი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი – 3 ლარი.

 ციხის მენეჯმენტის ინფორმაციით, ტურისტული კომპლექსის დათვალიერება უფასოდ შესაძლებელია შემდეგი პირებისთვის: 6წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვებისათვის; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; ომის ვეტერანებისათვის და ICOM – ის წევრებისათვის.

აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, “ახალციხის ციხის” სუბსიდირებისათვის  442 000 ლარია გათვალისწინებული.