რა არის 3+3 ფორმატი და რატომ (არ) აწყობს საქართველოს

October 19, 2021

ავტორები: ნატალი ნემსაძე, მიშო დარბაიძე — 577681889 

3+3 ფორმატის შექმნის იდეა 2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა გაახმოვანა. ფორმატი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან ერთად, რუსეთსაც აერთიანებს, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი რის გამოც ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ექსპერტების უმრავლესობას მიუღებლად მიაჩნია.

როდიდან დაიწყო საუბარი რეგიონული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ფორმატში საქართველოს მონაწილეობას და რას ამბობენ მხარეები?

3+3 ანუ 6 ერის ფორმატის იდეა, ითვალისწინებს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

მთავრობის პოზიცია

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად ერთ ფორმატში მონაწილეობა ძალიან გაჭირდება, თუმცა ზალკანიანი აღნიშნავს, რომ “ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით, უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე.”

ოპოზიციის შეფასება

3+3 ფორმატს “მკვდრადშობილს” უწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ზალკანიანის განცხადება დამაბნეველი და შემაშფოთებელი იყო, თუმცა შემდგომი დაზუსტებით ცნობილი გახდა, რომ საქართველო არანაირად არ განიხილავს ფორმატში მონაწილეობას.

«ფორმატის მიზანია რეგიონიდან გააძევოს დასავლეთი» – ექსპერტების შეფასება

“ფორმატის მიზანია რეგიონიდან გააძევოს დასავლეთი” – გვეუბნება პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია. კაკაჩია თვლის, რომ 3+3 ფორმატში საქართველოს გაწევრიანება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერთვება. შესაბამისად გამოვა 3+5 ფორმატი.

გეოპულიტიკურ და სატრანზიტო რისკების შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი , ზაალ ანჯაფარიძე. იგი კაკაჩიას მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველოს გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს, რადგან 3+3 ფორმატს დასავლელი პარტნიორებისგან უარყოფითი გამოხმაურებაც მოყვა. 

თავდაპირველად 3+2 ფორმატის ჩამოყალიბების იდეა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში წარმოიშვა. ფორმატი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების და რუსეთის თანამშრომლობას ითვალისწინებდა და თავდაპირველად ირანის ჩართულობა არ მოისაზრებოდა.

მას შემდეგ 12 წელზე მეტი გავიდა, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და რუსეთს ირანიც დაემატა და 2020 წლს 9 ნოემბერს, ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 3+3 ფორმატის ჩამოყალიბების იდეა კვლავ წამოჭრა.

როდიდან იწყება საუბარი 3+3 ფორმატის შესახებ, როგორ იცვლებოდა მხარეების პოზიციები დროთა განმავლობაში და რა ქრონოლოგია გააჩნია მოვლენებს: ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ თაიმლაინზე – 3+3 ფორმატი დროში. ?

My Page