როგორ და სად აიღებთ 300 ლარიან აგროვაუჩერს

April 18, 2022

თუ თქვენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრე ხართ, მაშინ მთავრობა 300-ლარიან აგროვაუჩერს გჩუქნით. სად შეგიძლიათ მისი აღება? რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ და როდემდე მოქმედებს ეს პროგრამა? – ამ კითხვებით, “აგრო სიახლეებმა” სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართა.

სააგენტოში გვითხრეს, რომ 300 ლარის ღირებულების აგროვაუჩერს ფულადი სახით ვერ გაანაღდებთ, თუმცა აგრომაღაზიებში ნებისმიერი აგროსაჭიროების პროდუქტს შეიძენთ.

ბარათებს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში აიღებთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ ფერმერთა რეესტრში. ფერმერთა რეესტრი რეგისტრაცია მარტივია: უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501, სადაც ოპერატორს ეტყვით, რომ გსურთ ფერმერთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის შემდეგ დაგისვამენ მარტივ კითხვებს. აუცილებელია, რომ იყოთ რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე. თუ საკუთრება რეგისტირებული არ გაქვთ, ვაუჩერს ვერ აიღებთ.

მიღებული ვაუჩერის მოქმედების ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

ამ აგროვაუჩერით თქვენ ვერ შეიძენთ აგროდიზელს, თუმცა ამ საჭიროების დაკმაყოფილება ფერმერს შეეძლება შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის აღება, შედარებით მსხვილ ფერმერებს, მინიმუმ 1 ჰექტარი მიწის მესაკუთრეებს, 9%-ში შეეძლება და მისი გამოყენება არა მხოლოდ აგროსაწვავის ყიდვისთვის, ნებისმიერი საჭიროებისთვის შეეძლება.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ.

ამ დახმარების მიღებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი შეძლებს.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 95 მილიონ ლარს.

წყარო: აგროგარემო TV