სამი დღე სოფლის საჭიროებებისთვის – წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

January 31, 2024

რეხა, ხანდო, არწივანი, დარაკოვი, კავთა, სამება, დაშბაში, თრიალეთი, ხრამჰესი, ბედიანი – წალკის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში დღეს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან   შეხვედრები გაიმართება. 

ინფორმაციას საერთო კრებისა და მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი აქვეყნებს. შეხვედრები 29 იანვარს დაიწყო და 31 იანვრამდე გაგრძელდება. 

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხევდრებზე განსახორციელებელი პროექტების შესახებ მოსახლეობა სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.

პროექტის ფარგლებში წალკის თითოეული სოფლისთვის 10 000-დან 16000 ლარამდეა გამოყოფილი.

სოფლის მხარდამჭერ პროექტში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის კოორდინატორი არჩილ თოდუა.

მისი თქმით, მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ თანხა შესაბამისი მიზნით მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა გახარჯოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უკარნახოს რა პრობლემა მოგვარდეს დღეს და რა ხვალ.