სამცხე-ჯავახეთის ოთხი კოვიდ მიმღები კლინიკიდან 3 გადავსებულია

October 20, 2021

სამცხე-ჯავახეთის ოთხი კოვიდ მიმღები კლინიკიდან 3 გადავსებულია. 13 ადგილია დარჩენილი ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსში. ინფორმაციას კლინიკები გვაწვდიან. 

ახალციხის კლინიკა «იმედში» კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი წევს, მათგან ნაწილის მდგომარეობა რთულია, კლინიკაში საწოლების რაოდენობაც 60-ია, შესაბამისად ადგილები სრულად შევსებულია. კლინიკის მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, ამათგან 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბორჯომის კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე გვეუბნება, რომ მათ კლინიკაში 38 პაციენტი წევს, მათგან 30 თერაპიულ და 8 ინტენსიურ განყოფილებაშია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო და მძიმეა. კლინიკაში კიდევ 13 პაციენტის მიღება შეუძლიათ. 

საშუალო სიმძიმის პაციენტები ჰყავთ ნინოწმინდის და ადიგენის კლინიკებში. აქ 30-30 თერაპიული საწოლი აქვთ და ყველა დაკავებულია. დამძიმებული პაციენტები რეგიონის ან სხვა ქალაქის კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ. 

გადატვირთული კოვიდკლინიკების ფონზე, როგორია სამხარეო ადმინისტრაციის პოზიცია და იგეგმება თუ არა კოვიდ სასტუმროების დამატება? უწყებაში გვპასუხობენ, რომ ამ ეტაპზე კოვიდსასტუმროების დამატება არ განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობა ძალიან დამძიმდება ან ადგილი არ იქნება თბილისის ან გორის კლინიკებში გადაიყვანენ. 

შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმვალობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ  5 543-მა  პირმა გაიკეთა, მათგან  113  სამცხე-ჯავახეთში. 

რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, ქვეყნის მასშტაბით, ოფიციალური მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ19-ის კიდევ 5 219 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 101 სამცხე-ჯავახეთშია.