საფარი სტრასბურგის სასამართლოს ნინოწმინდის პანსიონის 5 ბენეფიციარის სახელით მიმართავს

April 19, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საფარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის პანსიონის 5 ბენეფიციარის სახელით მიმართავს. ორგანიზაცია სასამართლოსგან ევროპული კონვენციის მესამე და მერვე მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს, რაც წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, პირადი, ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, გარდა იმისა, რომ დაწყებული გამოძიება არაეფექტურად და არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, ამ დაწესებულებაში ბენეფიციარების უფლებების დარღვევის შესახებ სახელმწიფომ იცოდა, თუმცა ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ორგანიზაციის იურისტის, ნათია გამხითაშვილის თქმით, პანსიონის ყოფილი ბენეფიციარებიდან მხოლოდ ერთ პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი. მისივე თქმით, ამ დროისთვის პანსიონში 10 აღსაზრდელი რჩება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ განცხადებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სტრასბურგი სარჩელს ჩაიბარებს.

ჩვენ ასევე გვინდოდა დავკავშირებოდით პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობს, თუმც მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ინფორმაცია ვერ მივიღეთ ვერც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის საბავშვო პანსიონში სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე ომბუდსმენის არაერთ ანგარიშში იყო საუბარი და დაწესებულებაში წლების განმავლობაში შესვლა ეზღუდებოდათ სახალხო დამცველის აპარატის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მას შემდეგ რაც საკითხით მედია დაინტერესდა, პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა, ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დაწესებულება დატოვა. ომბუდსმენის ცნობით, ამ ეტაპზე პანსიონში მხოლოდ 9 აღსაზრდელი იმყოფება.