საფრთხე უსაფრთხოების შეთანხმებისგან – ბელარუსი აქტივისტები საქართველოს ხელშეკრულებიდან გასვლას სთხოვენ

August 14, 2021

ბელარუსის სამოქალაქო ორგანიზაციები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ.

შეთანხმება, რომლის ამოქმედებაც მათ შიშებს იწვევს, დადებულია 2016 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორს. აღნიშნულს გვიდასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TOK TV-ს ეუბნებიან, რომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას 2016 წელს მოეწერა ხელი, თუმცა ის ძალაში 2021 წლის აგვისტოში შევიდა.

ბელარუსი სამოქალაქო აქტივისტები შიშობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული ვითარების ფონზე, როდესაც იდევნებიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, აღნიშნული შეთანხმება შეიძლება იყოს გამოყენებული რეპრესიების მიზნით. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი, ნათია კუპრაშვილი ბელორუსელ კოლეგებთან ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ გვეუბნება: “მიკავშირდებიან ბელორუსში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი განიცდის დევნას ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან და გამოთქვამენ შიშს, რომ ეს ხელშეკრულება მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.”

რას ეხება შეთანხმება:

სუს-ის მიერ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შეთანხმებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ

“შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.”

რას ამბობს სვიტლანა ციხანოუსკაიას მთავარი მრჩეველი

“ლუკაშენკოს KGB -მ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელი მოაწერეს სამარცხვინო შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ. ბევრმა ბელორუსმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა იპოვეს უსაფრთხო ადგილი საქართველოში. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ საქართველო არ გადასცემს მათ ლუკაშენკოს.”

საქართველოს და ბელარუსს შორის დადებული შეთანხმების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: ( დააჭირეთ აქ )