საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდა – რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი

March 20, 2023

საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ჩაანაცვლა, – გადაწყვეტილების შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

გიორგი ამილახვარი დეპუტატი 2020 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მან მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონპროექტსაც, რომელსაც ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას. დოკუმენტის მიხედვით, ამილახვარი ფლობს ბინას, სარდაფს და ე.წ. მანსარდს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე. ჯამში 310 კვადრატულზე მეტი ფართობის.

ასევე, არასაცხოვრებელ ფართს ამავე მისამართზე, რომელიც 3000 დოლარად აქვს ნაყიდი.

მისი მეუღლის სახელზეა 500 000 ლარად ნაყიდი 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე. ამავე მისამართზე, 10 000 ლარად აქვს დამხმარე ფართი და 15 000-15 000 ლარად შეძენილი 2 ავტოფარეხი.

გიორგი ამილახვრის სახელზეა 5000 ლარად ნაყიდი ჰოლი (დამხმარე ფართი) თბილისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ასევე 80 000-მდე ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი შინდისში.

გიორგი ამილახვარი არის შპს „ნიმი 1“-ისა და „ნიმი 2 საქართველოს“ 100%-იანი მეწილე.