საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთში და მედია შერჩევით

July 8, 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ არცერთი ადგილობრივი მედიისთვის არ შეუტყობინებიათ. ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონში ყოფნის შესახებ მხოლოდ ნაციონალურ მაუწყებლებს ჰქონდათ, ისიც შერჩევით. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მას ადგილობრივი მედიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, “თუმცა ვინც დაურეკა და პაპუაშვილის ვიზიტზე ჰკითხა, დაუდასტურა”. თუ როგორ უნდა გაგვეგო მისი ვიზიტის შესახებ, კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

პაპუაშვილი ჯერ ჯავახეთში, შემდეგ კი ასპინძაში ხერთვისის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი. როგორც უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, ღონისძება მათი დაგეგმილი არ იყო და ინფორმაციაც არ გაუვრცელებიათ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობის წევრების, დეპუტატების თუ მაღალი თანამდებობის სხვა პირების რეგიონში სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიას არ აწვდიან.  

“ეს არის მედიის მუშაობაში ხელშეშლა“ გვეუბნება “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი. 

მედიის მიმართ, დისკრიმინაციულ მიდგომებზე  საუბრობს , “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი, მამუკა ანდღულაძე. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა აღნიშნული ადგილობრივი მედია ორგანიზაციის მაყურებელსაც ართმევს შესაძლებლობას მოისმინონ კომენტარი იმის შესახებ, რაც მათ ინტერესს წარმოადგენს.