საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – ლიკანი

October 22, 2022

განახლება:

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რა ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

_________________________

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, როგორც ადგილობრივი მედია, “TV ბორჯომი” წერს, სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქებისას დაშავებული ერთი პირი, ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს. 

კლინიკის დირექტორი, დავით ბარბაქაძე გვეუბნება, რომ პაციენტის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? დირექტორი ამას ვერ გვეუბნება, რადგან ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს პაციენტის ოჯახის წევრების მოძიება, რის შემდეგაც, მათი თანხმობის საფუძველზე ინფორმაციას გაავრცელებენ. 

შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო რაზმი და პოლიცია, მოხდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. 

რამ გამოიწვია აფეთქება და დაიწყო თუ არა გამოძიება, შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

ფოტო: TV ბორჯომი