სკოლის ბიუჯეტიდან აზარტულ თამაშებში – ადიგენი, დერცელი

May 19, 2022

ადიგენის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 143 ათასამდე ლარი სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა, თანხა კი აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ გასართობ ობიექტებში გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ფაქტს გვიდასტურებს დერცელის სკოლის დირექტორი, მერაბ ბერიძეც. მისი თქმით, ამის გამო იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა დაკითხვაზე. 

დირექტორის თქმით, ბუღალტერი 2021 წლის სექტემბრიდან სკოლაში უკვე აღარ მუშაობს. 

პროკურატურას ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.