სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

January 12, 2023

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით, პასპორტების წარდგენის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ დღეს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, – ინფორმაციას “არმენპრესი” ავრცელებს.

გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა, 2020 წლის 3 მარტს სომხეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რაც ამ ქვეყნებში მოქალაქეთა გადაადგილების ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც.

აქამდე, საქართველოდან სომხეთში შესასვლელად პასპორტი იყო საჭირო. ქვეყნებს შორის გამარტივებულ მიმოსვლას უკვე წლებია ითხოვს, სამცხე-ჯავახთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი. აღნიშნულ საკითხზე კითხვები ადგილობრივებმა, ახალციხეში ვიზიტისას სომხეთის ელჩსაც დაუსვეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, 2019 წელს სომხეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 1 მილიონ 365 ათასი ვიზიტორი შეადგინა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის 1993 წლიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს.