,,სოფელი შუშებიდან არ იმართება“ -წალკაში მიწების დამუშავების სირთულეები

May 27, 2026

წალკაში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს,  მოსახლეობას მიწის დამუშავება გაზრდილი ტარიფებით უწევს.  გასულ სეზონთან  შედარებით,  გაზრდილია საწვავის ფასები, ასევე სათესლე მასალა. ამას ემატება გასულ სეზონზე მოწეული მოსავლის რეალიზაციის სირთულე.

გლეხების ნაწილი ამბობს, რომ გაძვირებული ტარიფების გამო, თესავენ მხოლოდ ოჯახისთვის, სარეალიზაციოდ  კი – აღარ.

გაძვირებულია პესტიციდები და მოსავლის მოვლის  სხვა საშულებები.


მერი დიმიტრაძე  ეკომიგრანტია, ამბობს, რომ მათი ოჯახის  შემოსავალი რძეა და კარტოფილია, თუმცა, გაძვირებული ფასების გამო, მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფ ოდენობას თესავს.

“გაძვირებულია სასუქი,  პესტიციდები,- ყველაფერი ის, რაც კარტოფილის წარმოებისთვის არის საჭირო. ყველაფერი არის ტრაქტორზე დამოკიდებული, ტრაქტორი აკეთებს ყველაფერს, რომ  მოხნას, დაგითესოს და კარტოფილი ამოგიღოს. ჰექტრის დამუშავებას სეზონურად უნდა 1 600 ლარი. მერე რომ კიდევ კარტოფილი არ მოდის? ამას სასუქი უნდა, ყველაფერი გაძვირებულია და გასავალი არ გვაქვს. ხარჯი გვაქვს, ამიტომაც აღარ ვთესავთ ბევრს. ძვირი არ არის კარტოფილი. ადგილზე 30 – 50 თეთრი ღირს.

ძალიან იაფად უნდათ ჩვენი პროდუქტი, კარტოფილია თუ რძე. გაჭირდა სოფელში ცხვოვრება. დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე და აქედან მიღებულ შემოსავალზე. ჩვენი იაფია ყველაფერი, მაღაზიაში შეხვალ და ყველაფერი ძვირია,”- გვეუბნება მერი დიმიტრაძე.


ქვეყანაში რომ კარტოფილის მოყვანა შემცირებულია, ამას მოწმობს საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემები.  ამავე წყაროს მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები ქვეყანაში 6.1 პროცენტით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. 

იმის ფონზე რომ წალკელი გლეხების თქმით, მათ კარტოფილი რეალიზაცია უჭირთ და მაქსიმუმ 50 თეთრად ყიდიან კილოგრამს, დედაქალაქში, ბაზარსა და ქსელურ მარკეტებში კარტოფილის ფასი ლარი  და 20 თეთრიდან – ლარ ნახევრამდე მერყეობს. 

თალიკო ბოლქვაძე; შარშანდელი კარტოფილის რეალიზება ვერ  მოვახდინე, არ მოვიდა იმდენი, რამდენიც რეალიზაციას სჭირდება. მუშაობა ძვირია. არ იყო საკმარისი და მაქვს სახლში, პირუტყვისთვის. აზოტი სჭირდებოდა, ძვირია, ტრაქტორი სჭირდებოდა და ძვირია, ხელით რაც შევძელით ისე მოვუარეთ. სახლისთვის და ძროხებისთვის. უფრო ხარჯში წავედით. “

ბეჟან დიმიტრაძეს წალკაში , სოფელ არწივანში შევხვდით. გვყვება, რომ გაძვირებული ფასების გამო სოფელში ყანების ნაწილი აღარ იქნება, “ხალხი აღარ თესავს,”-გვეუბნება ის. 

“მოხვნა ჯდება400 ლარი,  დაფრეზვას კიდევ სჭირდება 400 ლარი ,”- ბეჟან დიმიტრაძე. 

ნათელა ბოლქვაძე სოფელ ტბეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ მიწის დამუშეავებისა და თესვისათვის საჭირო ყველაფერი იმდენად გაძვირებულია, ურჩევნია გლეხმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მხოლოდ ოჯახისთვის საკმარი პროდუქცია მოიყვანოს. 

“პენსიონერი ვარ, სამი პენსია არ მეყოფოდა ყანისთვის.”

გულნარა  იაკობიძე 64 წლისაა ის  სოფელ ტბეტში ცხოვრობს.  ამბობს რომ სამი პენსია არ ეყოფოდა  ყანის დასათესად:  

,,კარტოფილი არაფერი არ ღირს. ყველას მარანში აქვს კარტოფილი და ან ძროხას აჭმევს. გლეხის შრომას ფასი არ აქვს. ვიანგარიშე და აღარ დავთესე. დავთესე იმდენი რაც ხელით შევძელი. პენსიონერი ვარ, სამი პენსია არ მეყოფოდა ყანისთვის.ბაზარში ვერ მიგვაქვს, ადგილზეც შემცირდა რეალიზაცია. ჩვენი ყველაფერი იაფია, რძეც, ყველიც გლეხის ყველაფერი იაფია, ფასი არაფერს არ აქვს,”

იგივე სათქმელი აქვს ნათელა ბოლქვაძესაც: “10 წლის წინ თუ ხნავდნენ, ახლა ყველა მინდორი საძოვრადაა ქცეული, გლეხს აღარ უღირს დახვნა-დათესვა. თუ მოიყვანა გლეხმა კარტოფილი, ლობიო, კომბოსტო, შემოდგომაზე ყველაფერი არის იაფად, ურჩევნია გლეხს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და აღარ იმუშაოს, რადგან რეალიზაცია უჭირს.”

ბადრი ვახტანგაშვილი  სოფელი რეხის მკვიდრი:   “ჰექტარი  მიწის დამუშავება 400 ლარი ჯდება.  არა აქვს გლეხს შესაძლებლობა დათესოს და რამე მოიყვანოს. შარშან უფრო ბევრს თესავდნენ.კარტოფილის სათესლეს გააჩნია,  იმის ფასიც მომატებულია. წალკის მასშტაბით ვსაუბრობ, ცოტა ითესება.”

ვალერი ბალიანი სოფელ ხაშკოვის მკვიდრი: სალიარკა გაძვირდა, კარტოფილს ვერ ვყიდით. 500 კილო შარშანდელი  კარტოფილი მაქვს, ვერ ვყიდით. 

თალიკო ბოლქვაძე: “ბოლო სამი-ოთხი წელია ნახევარ ჰექტარზე ვთესავ კარტოფილს, საერთოდ შედეგი არ აქვს. ვთესავთ იმიტომ, რომ ვცხოვრობთ სოფელში და ზამთარში ყიდვა არ მოგვიწიოს. თესლი რომ მოვიტანეთ ახალქალიდან, ლარი გადავიხადეთ, ჩვენი რომ მოგვყავს 60-50 თეთრია. ძალიან ძვირი ჯდება, თავის ფასად ვერ ვყიდით, რომ ამოვიღოთ თანხა და მაგ მხრივ გავაგრძელო მუშაობა.”

ნათელა აბაშიძე : “ მარტო შუშებიდან სოფელი არ იმართება, ადგილზე უნდა მოვიდეს და ნახოს ვისაც სოფელზე გული შესტკივა, როგორ ცხოვრობს ხალხი. “

წალკელების მთავრი შემოსავალი სოფლის პროდუქტებიდან და მერძევეობიდან მიღებული თანხაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შრომა დღითიდღე უფრო რთულდება, მოსავალს ფასი არ აქვს და გლეხის შრომა აზრს კარგავს.  

Tags: ,