“სხვა მიზეზი” – რატომ არ უშვებენ საქართველოში რუსეთში “არასასურველ” პირებს

February 15, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რუსი აქტივისტი, ანა რივინა, რომელიც ორგანიზაცია “არა ძალადობას” დამფუძნებელია საქართველოში არ შემოუშვეს, იგი რუსეთის მთავრობამ უცხოეთის აგენტად 10 თებერვალს სცნო.

როგორც აქტივისტი ჩვენს რედაქციასთან ამბობს, მას საქართველოში შემოსვლა უნდოდა, რადგან მისივე თქმით, აქ ოჯახი ჰყავს, თუმცა საზღვრის გადმოკვეთაზე უარი მიიღო ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ და მხოლოდ “სხვა მიზეზით” შემოიფარგლენ.

მისივე თქმით, მას უკან სომხეთში დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და ისრაელში გაემგზავრა. მისივე თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს და წყვეტს აქაურობასთან ყოველგვარ კავშირს.

რა მიზეზით არ შემოუშვეს ანა რივინა საქართველოში? – შსს-ში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში “არასასურველი” პირები საქართველოში არ შემოუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლეს Pussy Riot-ის აქტივისტმა ნიკა ნიკულინამ და „მედიაზონის“ რედაქციის მენეჯერმა გალა ლატიგოვსკაიმ. მიზეზი აქაც “სხვა” იყო.

“ვფიქრობ, რომ რუსეთიდან არის მოწოდებული სია ვინ უნდა შემოუშვან ქვეყანაში, ვინ – არა” – გვეუბნება პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უფრთხის ქვეყანაში შემოუშვას ისეთი პირები, რომლებიც რუსეთის მიერ არიან სანქცირებული, რათა რუსეთიდან შენიშვნა არ მიიღონ.

აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო, ოკუპანტ ქვეყანას მისი მოქალაქეები ტოვებენ. შსს-ს ცნობით, გასული წლის დეკემბრის თვეში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა.

ამავე წყაროს ცნობით, 2022 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, კი საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 405 552 მოქალაქემ გადმოკვეთა.